კომაროვის სკოლა პროექტის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ გამარჯვებული გახდა!
- 01 ივნისი, 2024
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებული კომაროვის სკოლა გახდა.
პროექტის ფინალური თამაში სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა და მასში 40 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.
კომაროვის გუნდს სკოლის ისტორიის პედაგოგი, თინათინ ლობჯანიძე ხელმძღვანელობდა. გუნდის კაპიტანი - ანი ქორიძე, წევრები - ნია ჯორბენაძე, აკაკი ქრისტესიაშვილი, ნიკოლოზ ფიცხელაური და გიორგი ტაბეშაძე. კომაროვის სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად ნოუთბუქები გადაეცათ.
გამარჯვებულები ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა დააჯილდოვა.
საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ პრინციპით, ეროვნული არქივის მიერ, 2015 წლიდან ტარდება.
2024 წელს პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 250-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების VIII-XI კლასის მოსწავლე მონაწილეობდა.
პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივს პროექტის განხორციელებისთვის და ულოცავს ამ წარმატებას მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს და სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს!